შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი
უძრავი ქონების შეფასება

სერტიფიკაციის სქემა

1. მიზანი და გამოყენების სფერო

2. განმარტებები

3. ზოგადი მოთხოვნები (კომპეტენტურობა)

4. განაცხადი და სერტიფიკაციის საფასური

5. სერტიფიკაციის პროგრამა (სამუშაოს და დავალებების აღწერა)

6. სერტიფიკატის გაცემა და ვადები

7. აპელაცია

8. სერტიფიცირებულ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფა და კვალიფიკაციის ამაღლება

9. რესერტიფიკაცია

10. რეესტრი

11. მონიტორინგი (ზედამხედველობა)

12. სერტიფიკრებული პირის პასუხისმგებლობა

1. მიზანი და გამოყენების სფერო

საქართველოს კანონის “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ” მე-8 თავის, 28-ე მუხლის, მე-8 პუნქტის შესაბამისად, სერტიფიკაციის სქემა განსაზღვრავს უძრავი ქონების შეფასების სფეროში პროფესიული სერტიფიკაციის ჩატარების წესებსა და პროცედურებს.

სერტიფიკაციის სქემა შემუშავებულია ISO/IEC 17024: 2012/2014 სტანდარტის მოთხოვნათა და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVS) - სტანდარტების გათვალისწინებით.

“სერტიფიკაციის სქემა” ითვლება აუცილებელ და ძირითად დოკუმენტად სერტიფიკაციის პროცესში მონაწილე მხარეებისათვის.

სერტიფიკაციის სქემის შეცვლა შეიძლება, თუ ამას ითხოვს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნები, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ან სფეროს/ბაზრის საქმიანობის თავისებურებები. სერთიფიკაციის სქემის შემუშავება და შესწორებების შეტანა ხდება საპროცედური კომიტეტთან შეთანხმებით. საპეოცედურო კომიტეტი წელიწადში ერთხელ ახორციელებს სერტიფიკაციის სქემების გადახედვას და დამტკიცებას.

2. განმარტებები

წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები და განმარტებები:

უძრავი ქონების საშემფასებლო საქმიანობა (შემდგომში საშემფასებლო საქმიანობა) – პროფესიული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ქონების ღირებულების შეფასებასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან.

უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მაძიებელი (შემდგომში სერტიფიკატის მაძიებელი) - პირი, რომელსაც შემოაქვს განაცხადი სერტიფიცირებაზე, აღიარებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემებს.

სერტიფიკაციის ორგანო – საქართველოს ეროვნული აკრედიტაციის ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც ამ სქემით დადგენილი წესით ახორციელებს ფიზიკური პირების სერტიფიცირებას და მის მიერ სერტიფიცირებული პერსონალის საქმიანობის სერტიფიკაციის პირობებთან შესაბამისობის კონტროლს;

საპროცედურო კომიტეტი – სერტიფიკაციის ორგანოს წარმომადგენლობითი ერთეული, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროს ექსპერტებით.

სერტიფიცირება – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებლის კვალიფიციურობის და შესაბამისობის აღიარება;

სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სპეციალისტის პროფესიულ კვალიფიკაციას, მის შესაბამისობას ბაზრის და კანონმდებლობის მოთხოვნებთან და განსაზღვრავს პროფესიული საქმიანობის ვადას და სფეროს;

სერტიფიცირებული უძრავი ქონების შემფასებელი (შემდგომში შემფასებელი) – პირი, რომელმაც იცის, ესმის და შეუძლია სწორად გამოიყენოს ის აღიარებული მეთოდები და წესები, რომლებიც აუცილებელია საიმედო შეფასების მისაღწევად, წარმატებით გაიარა სერტიფიკაციის პროგრამა და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

სერტიფიკაციის რეესტრი – სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების შეჩერების, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და განახლების, მისი გაუქმების და ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა;

სერტიფიკაციის საფასური – სავალდებულო მოსაკრებელი, რომელსაც სერტიფიკატის მაძიებელი იხდის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დადგენილი ოდენობით და წესით, სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობისათვის.

სერტიფიკაციის პროგრამა – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული საგამოცდო პროგრამა, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს, ავლენს სერტიფიკატის მაძიებელი პირის პროფესიული ცოდნის დონეს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტესტი - თეორიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვა 4 სავარაუდო პასუხით, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

პრაქტიკული სამუშაო - ემსახურება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოვლენას, სერტიფიკაციის პროგრამის შესაბამისად, დამოუკიდებლად შერჩეული უძრავი ქონების ობიექტის ღირებულების შეფასების დასკვნის წარდგენით.

შეფასების ანგარიში _ წერილობითი დოკუმენტი შეფასებული ღირებულების შესახებ, რომელიც მიეწოდება კლიენტს.

მონიტორინგი _ სერტიფიცირებული პირების საქმიანობის შესაბამისობის შეფასება.

რესერტიფიკაცია – კვალიფიციურობის და შესაბამისობის დადასტურება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;

3. ზოგადი მოთხოვნები

სერტიფიკაციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ, პირებს, რომლებსაც:

  • მიღებული აქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 1 წლიანი);
  • აღიარებს სერტიფიკაციის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიკაციის სქემას.

სერტიფიკატის მაძიებლებს უძრავი ქონების შეფასების სფეროში უნდა გააჩნდეთ თეორიული ცოდნა და ჰქონდეთ ჩამოყალიბებული პრაქტიკული ჩვევები, რათა შეძლონ საგამოცდო პროგრამაში მონაწილეობა. ისინი უნდა იცნობდნენ “შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს” (IVS) და აკმაყოფილებდნენ ამ სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

4. განაცხადი და სერტიფიკაციის საფასური

სერტიფიკატის მაძიებელმა სერტიფიკაციის ორგანოში უნდა წარადგინოს (შესაძლოა ელექტრონულად):

  • შევსებული განაცხადი, რომელშიც ასახული უნდა იყოს მოთხოვნილი სერტიფიკაციის სფერო;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან პასპორტის) ასლი;
  • განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერა (CV);
  • განათლების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ის ასლი;

განაცხადის და თანდართული დოკუმენტების მიღებისა და განხილვის შემდეგ სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომელი მაძიებელს აცნობს სერტიფიკაციის სქემას და სერტიფიკაციის პირობებს.

იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ეთანხმება სერტიფიკაციის სქემას და პირობებს, წარმოადგენს სერტიფიკაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ხდება მისი ჩართვა საგამოცდო პროგრამაში.

სერტიფიკაციის ორგანო სულ მცირე 5 დღით ადრე ყველა მაძიებელს აცნობებს გამოცდის ჩატარების დროსა და ადგილს.

სერტიფიკაცია ფასიანია და მისი საფასური შედგება ორი კომპონენტისაგან: ტესტირების გადასახადი და პრაქტიკული სამუშაოს გადასახადი. საფასურს ადგენს სერტიფიკაციის ორგანო.

5. სერტიფიკაციის პროგრამა

საგამოცდო პროგრამას საპროცედურო კომიტეტთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს სერტიფიცირების ორგანო. მისი განახლება შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებებისა და სფეროს/ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

საგამოცდო პროგრამაში მონაწილეობენ სერტიფიკაციის óრგანოს ექსპერტი და ასევე მოწვეული ექსპერტები. ექსპერტებს, რომლებიც წარმართავენ გამოცდას არ უნდა ჰქონდეთ გაწეული მაძიებლებისთვის სასწავლო-საკონსულტაციო მომსახურება.

საგამოცდო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს. მისი მიზანია სერტიფიკატის მაძიებელი პირის თეორიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა.

I ეტაპი – ტესტირება. ტესტირება საგამოცდო ბილეთის შესრულების საფუძველზე ხორციელდება. საგამოცდო ბილეთები შედგება ტესტებისაგან. ტესტები ინტეგრირებულია კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური და თანაბარი სირთულის საგამოცდო ბილეთის შედგენას თითოეული მაძიებლისათვის. საგამოცდო ბილეთში უნდა იყოს 100 საკითხი, აქედან 5% თემიდან – “უძრავი ქონების შეფასების იურიდიული ასპექტები”, 20% თემიდან - “შეფასების საერთო ცნებები”, 15% თემიდან - “უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი; საუკეთესო და უმაღლესი გამოყენების ანალიზი”, 15% თემიდან – “მიწის ნაკვეთის აღწერა, გაუმჯობესების აღწერა; მიწის ნაკვეთის შეფასება”; 5% თემიდან – “უძრავი ქონების შეფასება: შემოსავლების მიხედვით მიდგომა”; 10% თემიდან - “უძრავი ქონების შეფასება: დანახარჯების მიხედვით მიდგომა”; 20% თემიდან - “უძრავი ქონების შეფასება: გაყიდვების შედარების მიხედვით მიდგომა”; 5% თემიდან - “შეფასების მათემატიკა”; 5% თემიდან - “შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის”. ტესტების შედეგების შეჯამების საფუძველზე ხდება საბოლოო შეფასების - ტესტირების ქულის გამოყვანა.

ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს.

II ეტაპი – პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.

სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა ტესტირების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს, ტესტირებიდან 6 თვის განმავლობაში, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპში, ანუ შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო.

პრაქტიკული სამუშაო წარმოადგენს უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებას შეფასების 2 მიდგომის (მეთოდის) გამოყენებით. ქონებას თავისი სურვილით ირჩევს მაძიებელი.

შესრულებულ შეფასების ანგარიშს მაძიებელი წარადგენს სერტიფიკაციის ორგანოში და ახდენს მის პრეზენტაციას საგამოცდო კომისიასთან. საბოლოო შედგებს საგამოცდო კომისია შეაფასებს. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებით შეფასებას დაიმსახურებს მაძიებელი, თუ:

  • მის მიერ შესრულებული შეფასების ანგარიში შედგენილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოთხოვნების შესაბამისად;
  • მოახდენს აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციას და თავისი ნაშრომის სათანადო დონეზე წარმოდგენას.

ერთერთი კომპონენტის სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეფასება იქნება უარყოფითი.

მაძიებლის საგამოცდო შედგები გადაეცემა სერტიფიკაციის ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის.

უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მაძიებელს უნარჩუნდება ტესტირების ქულა და უფლება ეძლევა საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპი გაიაროს განმეორებით ექვსი თვის განმავლობაში.

გამოცდაზე დაგვიანების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, წინასწარი შეტყობინების არარსებობისას, მაძიებელს საგამოცდო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მოითხოვოს არაუადრეს ერთი თვისა.

მაძიებლები, რომლებმაც დაარღვიეს საგამოცდო პროცედურები, შეცდომაში შეიყვანეს სერტიფიცირების ორგანო, გამოყენეს რაიმე სახის დამხმარე საშუალებები, მიიღეს დახმარება სხვა პირებისგან ან თვითონ გაუწიეს დახმარება სხვას, ირიცხებიან გამოცდიდან.

მაძიებლები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა, არ აქვთ უფლება საგამოცდო მასალის გამჟღავნების და ასევე ტესტების თაღლითურ პრაქტიკაში მონაწილეობის.

სერტიფიკაციის შედეგების შესახებ მაძიებელს აცნობებს სერტიფიკაციის ორგანო.

სერტიფიკაცია და რესერთიფიკაცია, ამ სქემის შესაბამისად, შესაძლებელია გაიარონ იმ პირებმაც, რომლებმაც გაიარეს ტესტირება სერტიფიკაციის აკრედიტირებულ ორგანოში ან ფლობენ შესაბამისობის სერტიფიკატს, რომელიც საჭიროებს განახლებას. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია თუ სერტიფიკატის მაძიებელი წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს შედეგების ტოლფასობას და სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნასთან შესაბამისობას.

6. სერტიფიკატის გაცემა და ვადა

საგამოცდო პროგრამის შედეგების მიხედვით პერსონალის სერტიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სერტიფიკაციის óრგანოს ხელმძღვანელი, სერტიფიკაციის პროცესში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

სერტიფიკატი ფორმდება ერთიანი ფორმის ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელი და დასტურდება ორგანოს ბეჭდით. სერტიფიკატის ასლი ინახება სერტიფიკაციის ორგანოში.

სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატები რეგისტრირდება სერტიფიკაციის ორგანოს რეესტრში.

სერტიფიკატის შენახვაზე პასუხისმგებელია მისი მფლობელი. დაკარგვის შემთხვევაში მფლობელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს.

სერტიფიცირებული პირი ვალდებულია დაუყოვნებლის აცნობოს სერტიფიკაციის რგანოს, იმ საკითხების თაობაზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირის უნრზე, შეასრულოს სერტიფიკაციის მოთხოვნები.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლით და 1 დღით.

სერტიფიკატის ფლობა არ ავალდებულებს სერტიფიცირებულ პირებს იყვნენე რომელიმე ასოციაციის ან ჯგუფის წევრები და გადაიხადონ საწევრო.

7. აპელაცია

სერტიფიკატის მაძიებელს გამოცდის შედეგების მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მათი გაცნობიდან 5 დღის ვადაში უფლება აქვს სერტიფიკაციის ორგანოში შეიტანოს აპელაცია. აპელაციას განიხილავს შექმნილი საპროცედურო კომიტეტი, რომელშიც შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. კომიტეტი განიხილავს საჩივარს (პრეტენზიას) და გამოიტანს გადაწყვეტილებას შედეგების შენარჩუნების ან კორექტირების შესახებ.

სერტიფიკაციის ორგანო ამზადებს და უგზავნის წერილობით პასუხს მაძიებელს აპელაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

8. სერტიფიცირებულ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფა და კვალიფიკაციის ამაღლება

სერტიფიკაციის ორგანო სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოფს სერტიფიცირებულ სპეციალისტებს სათანადო ინფორმაციით და კონსულტაციებით სერტიფიკაციის სფეროებში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული სიახლეების, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ.

სერტიფიკაციის ორგანო საჭიროებისამებრ, ზემოხსენებულ შემთხვევებში, განახორციელებს განგრძობით სწავლებებს სერტიფიცირებულ პირთათვის.

9. რესერტიფიკაცია

რესერტიფიკაციის მიზანია სერტიფიცირებული პერსონალის ბაზრის მოთხოვნებისადმი მუდმივი შესაბამისობა. სერტიფიკაციის ორგანო, რესერტიფიკაციას მხოლოდ მის მიერ სერტიფიცირებული პირებისთვის ახორციელებს.

 

რესერტიფიკაციის მსურველები ვალდებულნი არიან სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე/6 თვის განმავლობაში შეავსონ რესერტიფიკაციის განაცხადი და მიუთითონ სერტიფიკატის მოქმედების ვადის პერიოდში მათ მიერ, უძრავი ქონების შეფასების სფეროში, განხორციელებული სამუშაოების მოცულობა (სტატისტიკა), რაც დაადასტურებს საშემფასებლო საქმიანობაში ჩართულობას და შემფასებლის გამოცდილებას. ასევე, რესერტიფიკაციის მსურველებმა, სერტიფიკაციის ორგანოში უნდა წარადგინონ, სერტიფიკატის მოქმედების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოებიდან შერჩეული შეფასების ანგარიში, რომელიც შესრულებული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეთოდით (მიდგომით).

ანგარიშის განხილვა ხდება სერტიფიკაციის ორგანოს ექსპერტების მიერ. (ანგარიშის  განხილვა შესაძლებელია დისტანციური მეთოდით).  შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. დადებით შეფასებას დაიმსახურებს მაძიებელი, თუ:

•           მის მიერ შესრულებული შეფასების ანგარიში შედგენილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოქმედი ვერსიის მოთხოვნების შესაბამისად.

მაძიებლის საგამოცდო შედეგები გადაეცემა სერტიფიკაციის ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებისათვის.

რესერტიფიკაციის შედეგების შესახებ მაძიებელს აცნობებს სერტიფიკაციის ორგანო.

რესერტიფიკაციის დადებითად გავლის შემთხვევაში გაიცემა ახალი სერტიფიკატი ორწლიანი მოქმნედების ვადით.

 

უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ასევე აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სერტიფიკატის მისაღებად, მაძიებელი საგამოცდო პროგრამას გაივლის ამ სქემის მე-4 მუხლის შესაბამისად.

რესერტიფიკაციის საფასური დგინდება სერტიფიკაციის ორგნოს მიერ.

10. რეესტრი

სერტიფიკაციის ორგანო აწარმოებს სასერტიფიკაციო რეესტრს. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მათი გაუქმების და სერტიფიკატის ასლების გაცემის თაობაზე. მონაცემები სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:

  • მონაცემები სერტიფიკატის მფლობელის შესახებ;
  • სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი;
  • კომპანიის დასახელება, რომელ კომპანიასაც წარმოადგენს პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. მონიტორინგი

სერტიფიცირებული სპეცილისტების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და სერტიფიკატის “რეპუტაციის“ შენარჩუნების მიზნით, სერტიფიკაციის ორგანო მუდმივად განახორციელებს მის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტების საქმიანობის მონიტორინგს:

  • შეისწავლის სერიტიფიცირებული სპეციალისტების საქმიანობასთან დაკავშირებულ მომხმარებლების/დამკვეთების განცხადებებსა და საჩივრებს.
  • იხილავს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიღებულ დასკვნებსა და მოსაზრებებს სერტიფიცირებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს სერტიფიცირებული სპეციალისტებისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს.

12. სერტიფიცირებული პირის პასუხისმგებლობა

პროფესიული პასუხისმგებლობა არის სერტიფიცირებული პირის მიერ პროფესიული საქმიანობის სტანდარტების და ეთიკის ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძველია:

  • დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;
  • იმ დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს სერტიფიცირებული პირი;
  • იმ დაწესებულების წერილობითი განაცხადი, რომელსაც წარედგინა სერტიფიცირებული პირის მიერ შექმნილი დოკუმენტი;

განცხადება ან საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

  • განმცხადებლის ან მომჩივანის ვინაობას;
  • სერტიფიცირებული პირის ვინაობას, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;
  • განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;
  • სხვა გარემოებებს.

ანონიმური წერილები და შეტყობინებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შემფასებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

პროფესიული პასუხისმგებლობის სახეებია:

  • წერილობითი გაფრთხილება (სარეკომენდაციო წერილი);
  • სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;
  • სერტიფიკატის გაუქმება.

სერტიფიკატის გაუქმება ხდება იმ შემთხვევაში, როცა სერტიფიცირებული პირი ოპერატიულად ვერ ახერხებს აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორებას, სერტიფიცირებული პირი სერტიფიკაციის ორგანოში მოთხოვნისამებრ აბრუნებს სერტიფიკაციის შესახებ ნებისმიერ დოკუმენტს. ამასთა, იგი ვალდებულია არ გამოიყენოს სერტიფიკაციის სტატუსზე მითითება და შეწყვიტოს სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.

სერტიფიცირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.

პროფესიული პასუხისმგებლობის შეფარდების წესი:

  • პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს იხილას ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის როგორც სერტიფიკაციის óორგანოს შესაბამისი ექსპერტი ასევე მოწვეული ექსპერტი(ები)
  • პროფესიული პასუხისმგებლობის სახის შეფარდებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი დარღვევის სახე, შედეგი, მიზანი, მოტივი.
  • გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობოს სერტიფიცირებულ პირს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს. ამასთან, გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა სასერტიფიკაციო რეესტრში.
  • პირს რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი 1 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სერტიფიკაციის პროცედურაში.
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია